Monday, October 19, 2009

ერთი ჩემი მეგობრის ისტორია.......


კაი რა მარი, ხომ იცი რა უაზრო ცხოვრება მქონდა და თავიდან ნუ მომაყოლებ რა”-ასე დაიწყო ჩემი და ლაშას საუბარი, ამ ყველაფერს კი დაწვრილებით მოგიყვებით, რომ მიხვდეთ რატომ უწოდებს 20 წლის ბიჭი თავის ცხოვრებას უაზროს.
ლაშა 1989 წლის 30 მარტს დაიბადა, მაშინ მისი ოჯახი 3 წევრისგან: მშობლებისა და უფროსი ძმისგან შედგებოდა. ოჯახს ძალიან უჭირდა, ლაშას დედა ქ-ნ მარინა უმუშვარი იყო, ხოლო მამა ბ-ნ ნუგზარი გაზის ბალონების მიმღებ პუნქტში მუშაობდა, სადაც იმდენად მცირე ხელფასი ჰქონდა, რომ ოჯახს არაფერში ყოფნიდა.

ჩემი რესპოდენტი იხსენებს, რომ მას პირველი აგრესია და ზიზღი ცხოვრების მიმართ პირველ კლასში გაუჩნდა, როდესაც სკოლაში მისულს ყველა თანაკლასელი კოხტად, სუფთად, ლამაზად ჩაცმული დახვდა, თითონ კი ძმის ნაქონი ორი ზომით დიდი შარვალი და პერანგი ეცვა. შემდეგი უსიამოვნო გრძნობა კი ის იყო, როდესაც ყველა ბავშვს ახალი წიგნები ელაგა მერხზე, მას კი შერცხვა მისი დახეული დედაენის ჩანთიდან ამოღების. ასე გრძელდებოდა სამი-ოთხი წელი, ლაშას ყოველთვის აკლდა ჩაცმაც, დახურვაც, წიგნიც და ელემენტარულად სკოლაში წასახემსებელი ოცი თეთრიც კი.

ლაშა მეხუთე კლასში იყო, როდესაც მის ოჯახს კიდევ ერთი წევრი-უმცროსი ძმა შეემატა,ისედაც გაჭირვებულ ოჯახს უფრო გაუჭირდა, ბავშვი ძალიან სუსტი დაიბადა და სულ ექიმების მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდებოდა, ამიტომ ის მცირედი ფინანსებიც კი, რაც ოჯახში შემოდიოდა, ექიმებში იხარჯებოდა. ლაშას თქმით სწორედ ამ პერიოდიდან აირია მისი დამოკიდებულება ცხოვრბისადმი.

”როცა მეხუთე კლასელ ბავშვს გშია, გცივა, ყოველ ღამე მშიერი ბავშვის ტირილი გახვიძებს, ყოველდღე ხედავ როგორ ჩხუბობენ შენი მშობლები, როგორ იძინებს დედა მშიერი, ძნელია სახლში გაჩერდე და მეც მაშინ გავედი ქუჩაში.”
აქედან აირია 11 წლის ბავშვის ცხოვრება, სკოლაში სიარულს თავი დაანება და ქუჩა-ქუჩა დაიწყო სიარული, ”უბნის ბიჭები” შემოიკრიბა და იმ დროს როდესაც ოჯახს ლაშა სკოლაში ეგონა, ქურდობა დაიწყო, ჯერ ბაღებს, ავტოფარეხებს, საკუჭნაოებს ტეხდა, ალუმინს, სპილენძს, ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს იპარავდა, აბარებდა შესაბამის ობიექტებზე და თავის ჭამის ფულს შოულობდა, თუ ცოტა მეტი მოუგროვდებოდა სახლშიც აჰქონდა რაიმე და იტყუებოდა ხან ლია დეიდამ გამომატანა, ხან მანანა დეიდამ, ხან ვინ და ხან ვინო. ამ პერიოდში სიგარეტის მოწევა დაიწყო, მერე ”ზროსლმა ძმებმა” უკეთესი ”მოსაწევი” გაასინჯეს და ესე წავიდა მისი ცხოვრება უარესობისკენ თითქმის სამი-ოთხი წელი.

ლაშა მე-9 კლასიდან საერთოდ გამოვიდა სკოლიდან და გადაწყვიტა სამსახური ენახა, ცოტა ხანში ავტოსერვისსში დაიწყო მუშაობა, დილიდან საღამომდე იქ იყო, მონდომებით მუშაობდა, მაგრამ ხელფასს არ აძლევდნენ, ”ერთი ხეირი ის იყო, რომ საჭმელს მაინც მაჭმევდნენო” ამბობს ლაშა. ექვსი თვე შეძლო მან იქ მუშაობა, შემდეგ კი წამოვიდა ისევ ქურდობა დაიწყო, ოღონდ ამჯერად ხალხს აყაჩაღებდა, ფულს და ტანსაცმელს ართმევდა, ხშირად საფლავებსაც კი ძარცვავდა, სახლში თითქმის აგარ შედიოდა, თუ ”საქმე” არ ჰქონდა უბნის ბიჭებთან ერთად , რომელიმე სადარბაზოში სვავდა ან ”პლანს აბოლებდა”.

”მერე მარი მოხდა ის, რამაც ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა, ჩემი პატარა ძმა, ჩვენი ოჯახის სიხარული გარდაიცვალა, თანდაყოლილი ავადმყოფობის გამო. სწორედ მაშინ დავფიქრდი რა არის ჩვენი სიცოცხლე და როგორ უნდა ვიცხოვროთ”. ამ ამბის შემდეგ მის აზროვნებაში დიდი გადატრიალება მოხდა. ლაშამ გადაწყვიტა პატიოსანი ცხოვრების დაწყება ეცადა. პორველ რიგში სამსახურს დაუწყო ძებნა, ოღონდ მანამდე ხელობის-მღებავობის სწავლა დაიწყო, სამ თვეში სამუშაოც იშოვა. ერთ ობიექტს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე, ხელიც გაიწაფა და მეტი სამუშაოც გამოუჩნდა. ”რაც მუშაობა დავიწყე, ხასიათიც მაგრად შემეცვალა, უფრო მშვიდი, მხიარული გავხდი, მანამდე თუ ნერვოზი მქონდა და ყველაფერზე ადვილად ვფეთქდებოდი, მერე მეტის მოთმენა და თავის მოთოკვა ვისწავლე.” მისი ხასიათის, გუნების და საქციელის ცვლილებას მეგობრებიც ვამჩნევდით, მისი ბავშვობის ძმაკაცების გიორგისა და ლევანის თქმით ლაშას ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა, სულ ჩხუბობდა, ყველას უშარდებოდა, სულ სვავდა, მათთან შეხვედრას თავს არიდებდა, უბნის ”მაგარ ბიჭებთან” ყოფნა ერჩია. ნიკას სიკვდილის შემდეგ კი მართლა ძალიან შეიცვალა, ისევ მათ დაუახლოვდა, მათთან ერთად დადიოდა ყველგან, აღარცერთ გასეირნებას, ქეიფს, თუ უბრალო შეკრებას აღარ აკლდებოდა.

”იცი მარ, მაგრად მომწონს ესე ჩემ პონტში ყოფნა, არ ვნანობ რაც გამოვიარე, იმიტომ რომ ბევრი რამ ვისწავლე ქუჩაში, მაგრამ დავიღალე, ეხლა მუშაობა, ოჯახის შექმნა და ჩემთვის ყოფნა მინდა, თან ხომ იცი მაიკოს გამოც ბევრი მაქვს გასაკეთებელი.” მაიკო ლაშას შეყვარებულია, უახლოეს მომავალში დაოჯახებას აპირებენ.

”ლაშა თავისი კეთილი გულისა და ნაღვლიანი თვალების გამო შემიყვარდა, მე კარგად ვიცი მისი წარსული, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მჯერა მისი ცხოვრების ამ ეტაპმა ჩაიარა და ერთად ბედნიერები ვიქნებით.” ასე მიპასუხა მაიკომ ჩემს კითხვაზე, როდესაც ლაშას შესახებ ვკითხე.
ლაშა ეხლა ერთ-ერთ რესტორნების ქსელში ხელოსნად მუშაობს, ნორმალური ანაზაურება აქვს, მალე დაოჯახებას აპირებს და სურს მისი ცხოვრება ჩვეული, მშვიდი და პატიოსანი გზით წარიმართოს.

Saturday, October 17, 2009

პოპულარობის რეცეპტი :

იგრედიენტები:

  1. 4 ჭიქა სიახლე
  2. 3 სუფრის კოვზი იდუმალება
  3. 1 კგ. რეკლამა
  4. 200გრ. სოციალური თემა
  5. 300გრ. სკანდალი
  6. ხანგრძლივობა გემოვნებით

მომზადების წესი:

კარგად ავურიოთ და გავუშვათ ეთერში!